საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა კი არა "რაღაც სხვა" ხდება. "არის ტერმინი სამართლიანობის აღდგენა - რომელი სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ?! აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველოში იყო სამართლიანობა და "ვარდების რევოლუციამ" ეს სამართლიანობა დაანგრია. ამ ლოგიკით, სამართლიანობა ყოფილა 2003 წლამდე, როცა შსს-ის მე-6 სართულიდან ხალხი ცვიოდა, როცა კახა თარგამაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, ძალიან ბევრი მაშინდელი მაღალჩინოსანი ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ქვეყანას, თუ სამართლიანობა იყო 90-იან წლებში, როცა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტა "მხედრიონმა" თბილისში, ზუგდიდში, საქართველოს სხვა ადგილებში, თუ სამართლიანობა იყო კომუნისტური საბჭოთა კავშირის დროს, როცა ადამიანებს ციხეში ალპობდნენ, თუ 30-იან წლებში, როცა მთელი ქართული ინტელიგენცია გაანადგურეს, იქნებ 1924 წელს იყო სამართლიანობა, მეფის რუსეთის დროს, თუ მაშინ, როცა ილია ჭავჭავაძე მოკლეს?!", - განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე.
აღნიშნულ კონტექსტში ქვეყნის პირველი პირი მოქმედ ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, დააკონკრეტოს, რომელ ეპოქაში იყო საქართველოში სამართლიანობა, რომელიც "ვარდების რევოლუციამ" დაანგრია და რომელიც ახლა უნდა აღდგეს.