"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას უცხოური მედიაც ეხმაურება.
"საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქონების მითვისებისთვის დააკავეს", - წერს "ესოშიეთიდ პრესი".
როგორც საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, საქართველოს ყოფილ პრემიერს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე უძრავი ქონების მითვისებაში ედება ბრალი. "საქართველოს სასამართლო 48 საათში მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოუშვას თუ პატიმრობაში დატოვოს ვანო მერაბიშვილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება", - წერს "ესოშიეთიდ პრესი".