სასამართლომ 17 მაისის ინციდენტში მონაწილე 4 პირს 100-100 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებზე თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებიდან შემოსული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მასალები განიხილა. სასამართლომ სამართალდამრღვევებად სცნო ზურაბ ჩხეიძე, გიგა კუჭუხიძე, ბექა ფირანიშვილი და ამირან მანთაშაშვილი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებზე და მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა, თითოეულს 100-100 ლარის ოდენობით დააკისრა. ღია სასამართლო სხდომაზე დაკავებულებმა, გარდა ზურაბ ჩხეიძისა, აღიარეს და მოინანიეს მათ მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი. ასევე, აღნიშნეს, რომ 17 მაისის აქციაზე თავად დაზარალდნენ, კერძოდ, ყველა მათგანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.
განაცხადების თანახმად, ზურაბ ჩხეიძის, გიგა კუჭუხიძისა და ბექა ფირანიშვილის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი არ დადასტურდა, რის გამოც სასამართლომ შესაბამისი მუხლით მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.
"ასევე, ამ პირთა მიმართ სამართალდარღვევის ოქმი არ იყო შედგენილი სრულყოფილად, რის გამოც დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, სასამართლო მიმართავს სასამართლოში ოქმის წარმომდგენ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს წამომადგენლებს და ავალებს მათ, წინადადების მიღების დღიდან ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული დარღვევების მიმართ გატარებულ შესაბამის ღონისძიებათა შესახებ სასამართლოს აცნობონ", - ნათქვამია განცხადებაში.