საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების #1 იზოლატორში გადაიყვანეს.
როგორც"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობიდან მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი რამდენიმე წუთის წინ სათადარიგო გასასვლელიდან გაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ მათ ცენტრალურ გასასვლელთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, ასევე, რიგითი მოქალაქეები ელოდებოდნენ, სამართალდამცველებს კი მათ გამოსაყვანად სპეციალური კორიდორი ჰქონდათ გაკეთებული.
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. როგორც ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, ბრალის წარდგენა დღეს ან ხვალ მოხდება. მისივე განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
როგორც ცნობილია, პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების შესახებ ქუთაისის სამხარეო პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.