პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას წლების განმავლობაში უფლებადამრღვევი ვანო მერაბიშვილი კარგად ახსოვს.
ამის შესახებ ბესელიამ ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტის გახმაურებისას კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დაადგენს ყველაფერ იმას, რაზეც ამ თვეების განმავლობაში მუშაობა მიმდინარეობს. უფლებადამცველი მერაბიშვილი სამწუხაროდ, მე არ მახსოვს, მაგრამ მე მახსოვს უფლებადამრღვევი მერაბიშვილი წლების განმავლობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პროცედურა სამართლიანად განხორციელდება და ყველაფერი სამართლიანად წარიმართება გამოძიების მიერ", - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელების ფარგლებში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოყენების გამო დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 7-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, პროკურატურის ცნობით, ვანო მერაბიშვილს უახლოეს მომავალში დამატებითი ბრალდება 26 მაისისა და სანდრო გირგვლიანის საქმეების გამო წარედგინება.
ვანო მერაბიშვილთან ერთად დაკავებულია ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. პროკურატურის ცნობით, ჭიაბერაშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელებისას ბიუჯეტიდან უკანონოდ დახარჯული 5.2 მილიონი ლარის გამო დააკავეს.