საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად დატოვა.
თაქთაქიშვილის განცხადებით, დღევანდელი დაკავება სამარცხვინო იყო.
"პროკურატურამ გადაწყვიტა დაეკავებინა ბიძინა ივანიშვილის ოპონენტები და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. ისინი ისეთივე აბსურდული ბრალდებებით დააკავეს, როგორიც წინა სხვა შემთხვევებში, რაც სახალხო დამცველმა ძალიან კარგად იცის. ყველას კარგად გვახსოვს ივანიშვილის განცხადება, რომ თუ ოპოზიცია რიტორიკას არ შეცვლიდა, ციხეებთან ჩვენი რიგი არ დამთავრდებოდა. დღევანდელი დღე შეიძლება, ჩავთვალოთ სწორედ იმის დადასტურებად, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ასრულებს თავის როლს პასუხისმგებლობით აღსავსე ოპოზიციისა და სწორედ ეს არის მიზეზი იმ აბსურდული ბრალდებისა და გადაწყვეტილებისა, რომელიც დღეს ხელისუფლებამ მიიღო. ეს არის სამარცხვინო. მე იძულებული ვარ, დავტოვო ეს სხდომა", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.