"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პოლიტიკურ დევნას აფასებს და აცხადებს , რომ ამით ევროპისკენ წვალებით გახსნილი ფანჯრები დაიხურება.
"ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნის ახალი ტალღა და ყველა იმ პრობლემური თემის გადაფარვა, რაც ბოლო დროს ხდება, იქნება ეს ახალი ხელისუფლების შიგნით კორუფციული "ამბების" გამომჟღავნება, 17 მაისის ძალადობა თუ სხვა და სხვა. ასეთი ნაბიჯებით, რაც არ უნდა თქვას მერე მაია ფანჯიკიძემ, ევროპისკენ წვალებით გახსნილი ფანჯრების მოხურვა და ამ ფანჯრებში დიდი ლურსმნების ჩაჭედება ხდება", - განუცხადა დავით დარჩიაშვილმა "ინტერპრესნიუსს".
მისივე განმარტებით, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ აღნიშნული პროცესი პარტიაში დაქსაქსულობას არ გამოიწვევს და მერაბიშვილი-ჭიაბერაშვილის დაკავებით "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ გაძლიერდება.
"არასახელმწიფოებრივი ხალხისგან ყოველგვარი გამოცდა ჩვენ გვაძლიერებს", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.