საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელებისას ბიუჯეტიდან უკანონოდ დახარჯული 5.2 მილიონი ლარის გამო დააკავეს.
ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის, აგრეთვე სახელმწიფო სახსრებით დასახელებული პარტიის შენიღბული და ფარული დაფინანსების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან და სხვა პირებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა თვალთმაქცური ოპერაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან 5,2 მლნ ლარი უკანონოდ ჩაერიცხა დაახლოებით 22 ათას პირს, თითოეულს 240 ლარის ოდენობით.
მითითებული პირები მოჩვენებითად გააფორმეს, როგორც შტატგარეშე თანამშრომლები, სინამდვილეში, მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ, ხოლო ფული მიიღეს მხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის წარმოების სანაცვლოდ. ამრიგად, ივანე მერაბიშვილის ქმედებით სახელმწიფომ იზარალა 5,2 მლნ ლარი.
ივანე მერაბიშვილთან ერთად დაკავებულია საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.