პროკურატურის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმისა და 26 მაისის საპროტესტო აქციის გამო დამატებითი ბრალდება უახლოეს მომავალში წარედგინება".
ამის შესახებ დღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
"იმავდროულად, გვინდა განვაცხადოთ, რომ, ფაქტობრივად, დასრულებულია გამოძიება კიდევ ორ ეპიზოდზე, კერძოდ, პირველი შეეხება 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებით, ორგანიზებითა და პირადი კონტროლით, საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი, ალყაშემორტყმული მოქალაქეების წინააღმდეგ აშკარად არათანაზომიერი, არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის განზრახ გამოყენებას, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი და ჯანმრთელობის სხვადსხვა ხარისხის დაზიანები მიიღო მრავალმა ადამიანმა", - განაცხადეს პროკურატურაში.
პროკურატურისვე ცნობით, მეორე ეპიზოდი, რის გამოც მერაბიშვილს ბრალი უახლოეს მომავალში წარედგინება, სანდრო გირგვლიანის საქმეა.
"მეორე ეპიზოდი უკავშირდება უკანასკნელი წლების ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, რომლის დეტალური და ეფექტური გამოძიებით პროკურატურის მიერ, პრაქტიკულად, სრული სიზუსტით აღდგენილია შემთხვევის ვითარება, დადგენილია მასში მონაწილე ყველა პირი, გარკვეულია დანაშაულის რეალური მოტივი, მისი ორგანიზატორები და ამსრულებლები. შეგროვებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მეუღლის თამარ (თაკო) სალაყაიას, ასევე სხვა მასთან დაახლოვებული პირების მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით, უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას. უახლოეს პერიოდში ივანე მერაბიშვილს ზემოაღნიშნულ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინება დამატებითი ბრალდება, ხოლო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების შედეგების თაობაზე", - განაცხადეს პროკურატურაში.