მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხის რეფინანსირების განაკვეთის ზედა ზღვარი 2%-ით განისაზღვრა.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"მიკროსაფინანსო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის. ის განაგრძობს ზრდას და უკვე ასეულობით მილიონ ლარს ითვლის. იმავდროულად, მისი ოპერირების სეგმენტი არის ძირითადად, რეგიონები და ამავე დროს, სოციალურად შედარებით დაბალი ფენა. ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგბელობა და ეთიკის კოდექსის არსებობაა აუცილებელი, განსაკუთრებით, მომხმარებლების დაცვის კუთხით. ჩვენ ამ მიმართულებით შემდეგი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ორშაბათიდან ამოქმედდება: ეს არის რეფინანსირების საკომისიოს 2%-იანი ზღვარის დაწესება, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერ მსესხებელს შეეძლება, არაუმეტეს 2%-იანი საკომისიოს გადახდის შემთხვევაში, გადავიდეს კონკურენტ ორგანიზაციაში, ბანკში ან წინმსწრებად მოახდინოს რეფინანსირება", - განაცხადა ქადაგიძემ.
თავის მხრივ კი, მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ზღვარის დაწესება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის კონკურენციას გაამძაფრებს.
"მიკროსაფინანსო სექტორი საკმაოდ კონკურენტუნარიანია, თან აქტიური კონკურენციაა, რადგან სექტორში ბევრი ორგანიზაცია ფუნქციონირებს. ეს რეგულაცია კიდევ უფრო გაამწვავებს კონკურენციას, რაც საბოლოო ჯამში, სარგებელს მოუტანს ბაზარს და მომხმარებელს. არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გეგმავენ მარკეტინგულ აქციებს, რაც საკმაოდ გააუმჯობესებს შეთავაზებას და უკეთეს შესაძლებლობას გააჩენს მომხმარებლისთვის", - განაცხადა ბაკურაძემ და აღნიშნა, რომ აქამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეფინანსირების საკომისიო პროცენტს საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვრავდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოს არასაბანკო რექტორი 63 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიითაა წარმოდგენილი.