ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილი , ასევე მოითხოვენ სატრანსპორტო გზის შეკეთებას.
ადგილობრივების განცხადებით, მათ 2012 წლის ნოემბრიდან წყლის მიწოდება მას შემდეგ შეუწყდათ, რაც ამ სოფლის ტერიტორიიდან სასმელი წყლის მილები ამოიღეს.
სოფლის მოსახლეობის განცხადებით, წყლის მილები არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისთვის" ხელმძღვანელის ლალი ანთიას დავალებით ამოიღეს, თუმცა თავად ანთია მოსახლეობის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. იგი აცხადებს, რომ 2012 წელს, მილები მართლაც იქნა ამოღებული, თუმცა ეს მისი დავალებით არ მომხდარა და მილების ამოღება წინა ხელისუფლების დროს მოხდა.