ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, "პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მინიმუმ ორი ძეგლი უნდა დავუდგათ".
ამის შესახებ ვასაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა.
"უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ მაგ კაცს მინიმუმ ორი ძეგლი უნდა დავუდგათ – ერთი, რაღაც კოლოსალური ქველმოქმედებისთვის, რაც მან ქვეყანაში სრულიად უანგაროდ გასწია. ბეცია ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ამას აკეთებდა იმიტომ, რომ პოლიტიკაში უნდოდა მოსვლაო. ეს არის ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ქვლმოქმედი და მეორე ძეგლი მას ეკუთვნის იმისთვის, რომ მან ეს დესპოტური რეჟიმი მოგვაშორა. მისთვის უდიდესი მადლობა გვაქვს სათქმელი. პოლიტიკა ძალიან ბინძური საქმეა, მაგრამ მექმნება შთაბეჭდილება, რომ არის ხალხი, რომელიც ტროას ცხენის ჯაშუშებივით ნულოვანი რეიტინგით ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში შეჰყვნენ. მათ ნუ ეგონებათ, რომ ისინი ლეგიტიმური რეიტინგის მატარებელი უმრავლესობის წევრები არიან. ისინი შევიდნენ ერთი კაცის რეიტინგზე და ახლა გამოჩნდება, თუ რისთვის შევიდნენ ისინი იქ, ამიტომ კარგად დაფიქრდნენ, რა უნდათ", - განაცხადა ვასაძემ.