გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ბარათელის კიდევ ერთ ბრალდებაზე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. შტირის გამოყენებას გულისხმობს , განაჩენი დღეს უნდა დადგეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. დღევანდელ პროცესს დაესწრება გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსუდან შარაძემ განუცხადა, იმედოვნებს, რომ პროკურატურა დღეს ბრალს შეუწყვეტს ბრალდებულ ბარათელს, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არსებული მასალები მის დანაშაულს არ ამტკიცებს. ასევე, შარაძის თქმით, იგი 6 წლის განმავლობაში ელოდებოდა გიორგი ბარათელთან შეხვედრას და დღეს პროცესზე მის საბოლოო სიტყვას მოისმენს.
რუსუდან შარაძის განცხადებით, გიორგი ბარათელის მიმართ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე შეთითხნილია და მნიშვნელობა არა ქვს გაამართლებენ თუ გაამტყუნებენ მას, იქიდან გამომდინარე, რომ შარაძის მკვლელობისთვის 21 წელი აქვს მისჯილი, ახლა კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა როგორც რუსუდან შარაძე ამბობს, ბარათელი უნდა გათავისუფლდეს, რადგან, მისი თქმით, იგი უდანაშაულოა.
"იმედი მაქვს მამაჩემის მკვლელობის საქმეს ახალი ხელისუფლება გამოძიებს. ახალ მთავრობას ვანდობ ამ საქმეს და დაველოდოთ შედეგებს", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.
გიორგი ბარათელი დადანაშაულებულია სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მიხედვით, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. შტირის შენახვას და გამოყენებას გულისხმობს. იგი ბრალს არ აღიარებს.
როგორც პროცესის დაწყებამდე ბარათელის ადვოკატმა, მამუკა ნოზაძემ განაცხადა, დღევანდელ პროცესი კამათის ეტაპით გაგრძელდება, რის შემდეგაც მოხდება ბარათელის მხრიდან საბოლოო სიტყვის წარმოთქმა. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ბარათელის დანაშაული არ დასტურდება.