ბიზნესმენ ლევან ვასაძის აზრით, საქართველოში ბიძინა ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დაუდგან. "უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ მას ორი ძეგლი უნდა დავუდგათ. პირველი _ კოლოსალური ქველმოქმედებისთვის, რაც მან ქვეყანაში სრულიად უანგაროდ გასწია და ბეცია ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას აკეთებდა, რადგან პოლიტიკაში მოსვლა უნდოდა. მეორე ძეგლი მას ეკუთვნის იმისთვის, რომ დესპოტური რეჟიმი მოგვაშორა. ორი უდიდესი მადლობა გვაქვს მისთვის სათქმელი", - განაცხადა ლევან ვასაძემ გადაცემა "პოლიტმეტრთან" საუბრისას.
აღნიშნულის პარალელურად მან ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები გააკრიტიკა და ისინი "ტროას ცხენის ჯაშუშებს" შეადარა.
"მე არ ვიცი პოლიტიკა, მაგრამ მექმნება შთაბეჭდილება, რომ არის ხალხი, რომლებიც "ტროას ცხენის ჯაშუშებივით" შეყვნენ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში, ნულოვანი რეიტინგით. არ მინდა სახელების დასახელება, მაგრამ ნუ ეგონებათ მათ, რომ ისინი არიან ლეგიტიმური რეიტინგის მატარებელი უმრავლესობის წევრები. ისინი შევიდნენ ერთი კაცის რეიტინგით, ახლა გამოჩნდება, რისთვის შევიდნენ იქ და კარგად დაფიქრდნენ, რა უნდათ. შეიძლება 60 და 100 ათასიან საზოგადოებას უწოდო "რაღაც ჯგუფი", ბრბო, აგრესიული და ა.შ.?", - აღნიშნა ვასაძემ, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 17 მაისს აქცია სწორედ ვასაძის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, ბიზნესმენი აღნიშნულს ცილისწამებად აფასებს.
"ეკლესიისადმი ჩემი მხარდაჭერა გამოიხატება იმ შემოწირულობებში, რომელსაც მრევლის ყველა წევრი იღებს ეკლესიის დასახმარებლად. რაც შეეხება აქციის ფინანსურ მხარდაჭერას, ესაა ისეთივე ცილისწამება, როგორც ჩემი პოლიტიკური ამბიციები, პრეზიდენტობის სურვილი, რუსეთთან შეკვრა და ა.შ. ეს ყველაფერი არის აბსოლუტური ტყუილი, საიდან გავეხვიე ამ შარში არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემი ჯვარია და უნდა შევეგუო ამ ცილისწამებას, ლანძღვას და ამას ვიტან კიდეც უდრტვინველად, ისე რომ არავის ვპასუხობ", - განმარტა ბიზნესმენმა.
ამასთან, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უკავშირებს მისი პოლიტიკური ამბიციებისა და პრეზიდენტობის სურვილის შესახებ მუდმივად არსებულ ინფორმაციებს, ვასაძემ აღნიშნა:
"ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული მეც დავინტერესებულვარ ამ თემით და ჩემთვის უთქვამთ, რომ მიხეილ სააკაშვილს მივაჩნდი კონკურენტად. მას მე მგონი ყველა კონკურენტად მიაჩნდა. ვფიქრობ, ეს პრევენციული სახის, პროფილაქტიკური ღონისძიებები იყო ჩემს მიმართ, მისივე კონტროლირებადი პრესის მიერ. ახლაც ვამბობ, არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები და ამის არც არანაირი სურვილი და არანაირი ცოდნა მაქვს, მაგრამ გავა ერთი თვე და რომელიმე შტერი გაზეთი ისევ დაწერს, რომ მე მინდა პრეზიდენტობა. თუკი გადავწყვიტე, რომ წავიდე ამ საქმეში, ვდებ პირობას, გამოვალ, არ დავიმალები და ვიტყვი, რომ ეს უბედურება დამემართა", - განაცხადა ლევან ვასაძემ.
გარდა ამისა, მან "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილი მისი ახლო მეგობარია.
"გიორგი ჩვენი თაობის მერაბ მამარდაშვილად და ქართული ფილოსოფიის სკოლის უდიდეს იმედად ითვლებოდა. მისი სიმაღლის ინტელექტი უიშვიათესია და მე ცოტა მინახავს, ისევე როგორც მისი აბსოლუტურად კრისტალური წესიერება", - აღნიშნა ვასაძემ.