საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და პოლიტიკა იცავს რელიგიურ თავისუფლებას და, პრაქტიკულად, მთავრობაც რელიგიურ თავისუფლებას პატივს სცემდა , - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების 2012 წლის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, საქართველოს მთავრობის პატივისცემა რელიგიური თავისუფლებისადმი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
"ხელისუფლებამ ეფექტურად არ უპასუხა ხალხის ძალისხმევას რელიგიური უმცირესობების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ხელისუფლება განაგრძობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ მოქმედებას სადავო საკუთრების აღდგენაში. ამ ყველაფერმა კი, ბიძგი მისცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ იურიდიულ და საგადასახადო სტატუსს, ეკლესიის არასრულ გამოყოფას სახელმწიფოსა და სახელმწიფო სკოლებისგან. ცალკეული კანდიდატები საპარლამენტო არჩევნების კამპანიისას იყენებდნენ რელიგიურად არატოლერანტულ რიტორიკას. იყო ინფორმაცია საზოგადოების მხრიდან რელიგიურ საფუძველზე ცუდი მოპყრობისა და დისკრიმინაციის შესახებ – რწმენასა თუ პრაქტიკაში. იყო ანგარიშები რელიგიურ ნიადაგზე დევნის, რელიგიურ რიტუალებში ხელშეშლის, ფიზიკური ანგარიშსწორების, შევიწროებისა და ვანდალიზმის შესახებ. აშშ-ის საელჩოს ჰქონდა რეგულარული კონტაქტი როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და აქტიურად უჭერდა მხარს რელიგიურ თავისუფლებას. საელჩო მასპინძლობდა და მონაწილეობდა რელიგიური განსხვავებისა და ტოლერანტობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებოდნენ რელიგიურ არასამთავრობო ორგანიზაციათა ლიდერებს რელიგიური თავისუფლების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ანგარიშის შესავალში.