"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს დაკითხვაზე არიან დაბარებული.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ისინი იმერეთის სამხარეო პროკურატურაში დაბარებული არიან სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის და ვანო მერაბიშვილი თებერვალში უკვე იყვნენ ქუთაისში დაკითხვაზე და ყველა კითხვაზე სრულყოფილი პასუხი გასცეს.
"ხელისუფლებამ იმის მაგივრად, რომ ხალხის მოთხოვნებს უპასუხოს, უპასუხა იმით, რომ მე, იმის ნაცვლად, რომ ვიყო კახეთში დაზარალებულ მოსახლეობასთან, მომიწევს ქუთაისში ჩასვლა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, როგორც უწყებაში წერია, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილი და მე თებერვალში უკვე ვიყავით ქუთაისში დაკითხვაზე, ყველა კითხვაზე გავეცით სრულყოფილი პასუხი, მაგრამ ვფიქრობ, სრული აბსურდია ქვეყანაში იმ პირობებში, როდესაც უმუშევრობაა და იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებამ მოსახლეობის პრობლემებზე იზრუნოს, პროკურატურაში ხდება ჩვენი ტარება და ნამდვილი პრობლემებიდან ჩვენი მოწყვეტა", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.