აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის აზრით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში ამა თუ იმ ღონისძიებაში არმონაწილეობა საელჩოს როლის დაკნინებას ნიშნავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გეგეშიძემ განუცხადა, აშშ-ში პრეზიდენტის ბოლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საელჩომ მხოლოდ ერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მეორე შეხვედრას კი პრეზიდენტის სურვილის არარსებობის გამო საელჩო ვერ დაესწრო.
მისი თქმით, ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ როდესაც უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირის, მით უმეტეს პრეზიდენტის ვიზიტი ხორციელდება, საქართველოს საელჩო ამ ვიზიტის ორგანიზებაში, ვიზიტის ფარგლებში ცალკეული ღონისძიებების დაგეგმვაში და ამ ღონისძიებებში მონაწილეობაში ბოლომდეა ჩართული.
როგორც ელჩი აღნიშნავს, პრეზიდენტის ბოლო ვიზიტის ფარგლებში შედგა მხოლოდ ორი ღონისძიება, ერთი სენატორ რუბიოსთან, მეორე - კონგრესში საქართველოს მხარდამჭერ ჯგუფთან. "მე პირადად პრეზიდენტს აეროპორტში დავხვდი, როდესაც ის ჩამობრძანდა, იყო საღამო. მივაცილეთ მე და საელჩოს სხვა თანამშრომლებმა სასტუმროში. ამის შემდეგ, რადგან მისი მხრიდან ჩვენს მიმართ არანაირი თხოვნა, სურვილი არ ყოფილა, ჩვენ წამოვედით სასტუმროდან და ის იქ დავტოვეთ. ველოდებოდით, რომ ის შემოგვთავაზებდა მეორე დღეს სენატორთან შეხვედრაში მონაწილეობას. ანუ ჩვენი იქ ყოფნით, აეროპორტში დახვედრით, სასტუმროში მიცილებით, ჩვენ ფაქტობრივად ვაჩვენეთ ჩვენი მზადყოფნა და სურვილი, რომ მიგვეღო მონაწილეობა მისი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. მაგრამ რადგან მისი მხრიდან არ იყო შემოთავაზება, ჩვენ აღარ დავესწარით სენატორთან შეხვედრას. რუბიოსთან შეხვედრა რომ ყოფილიყო ერთი ერთზე, მაშინ კიდევ გასაგები იქნებოდა ეს, რადგან პრივატულ შეხვედრად ჩაითვლებოდა, მაგრამ როდესაც ასეთ შეხვედრას პრეზიდენტის თანმხლები პირები ესწრებიან, ასეთ შემთხვევაში საქართველოს საელჩოს არმონაწილეობა იყო არასწორი და, საერთოდ, ეს ძალიან ცუდად ჩანს ვაშინგტონში. ეს საელჩოს როლის და ადგილის დაკნინების მიმანიშნებელია გარეშე თვალისთვის. ამიტომ ძალიან არასასურველი ფაქტი მოხდა", - აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ.
რაც შეეხება მეორე ღონისძიებას, რომელიც კონგრესში გაიმართა, როგორც ელჩი ამბობს, იმ შეხვედრაში საელჩომ სრულფასოვნად მიიღო მონაწილეობა. "როდესაც ქვეყნის პირველი პირი ან სხვა რომელიმე თანამდებობის პირი ჩამობრძანდება ქვეყანაში, აქვს შეხვედრა ამ ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენლებთან და ის, რომ იქ საელჩო არ არის წარმოდგენილი, მით უმეტეს, როდესაც საუბარია პრეზიდენტზე, ქვეყნის პირველ პირზე, რბილად რომ ვთქვათ, ეს ძალიან უცნაურად გამოიყურება და ერთგვარად აკნინებს მათ თვალში საქართველოს საელჩოს როლს, რაც არ არის მიღებული პრაქტიკა და ეს, როგორც წესი, არსად ხდება ხოლმე", - დასძინა აშშ-ში საქართველოს ელჩმა.