იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ფარული მოსმენების და გადაღებების მიმართულებით, კანონმდებლობის შეცვლის გარდა, კონტროლის ქმედითი მექანიზმების შექმნის აუცილებლობას ხედავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხმალაძის აზრით, "ყოველთვის იარსებებს საშიშროება იმისა, რომ ხელისუფლება შეიძლება "მოუკრეფავში გადავიდეს".
"როგორც საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა, მარტო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ფარული ინფორმაციის მოპოვებაზე ერთი წლის განმავლობაში 7 ათასიდან 12 ათასამდე ნებართვა იყო გაცემული და თითოეული ეს ნებართვა შეიძლება 5-15 ადამიანის მოსმენის პირობას შეიცავდეს. თან ეს ინფორმაცია თურმე ინახებოდა, მაშინ, როცა კანონი კრძალავდა გარკვეული ტიპის ინფორმაციის შენახვას. აღარაფერს ვამბობ იმ ინფორმაციაზე, რომელიც უკანონოდ მოიპოვებოდა და ეს ყველაფერი იყო შენახული. მიმდინარეობს ამ ინფორმაციის ინტენსიური დამუშავება - თუ რა არის დაკავშირებული დანაშაულთან და რა - არა, რომელია პირადი ხასიათის ინფორმაცია. ეს ყველაფერი აღირიცხება, დახარისხდება და საზოგადოების თანდასწრებით განადგურდება", - განუცხადა ჟურნატისტებს ვახტანგ ხმალაძემ.