საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებას ეხმაურება და მის მიერ პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ვიზიტების არაკოორდინირებულობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის დადანაშაულებას "სამარცხვინოს" უწოდებს.
"იძულებული ვართ, გამოვეხმაუროთ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის მეტად "საინტერესო" განცხადებებს, რომლებშიც მან პრეზიდენტისა და საგარო უწყების ვიზიტების არაკოორდინირებულობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადანაშაულა. ვიდრე ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებდა, კარგი იქნებოდა, მინისტრის მოადგილეს ფაქტები ერთმანეთთან შეეჯერებინა. თავისთავად, სამარცხვინოა, როდესაც საგარეო უწყება, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს აქტიურად ეხმარებოდეს საგარეო ვიზიტების წარმატებით განხორციელებაში, არა მარტო პასიურობს, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს და საკუთარ არათანმიმდევრულობას პრეზიდენტის ადმინისტრაციას აბრალებს", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე განმარტებით, "ნამდვილი ვითარება" ასეთია: "ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის წინა ვიზიტის დროს (24 აპრილი - 2 მაისი), ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ დარჩიაშვილი - თავად ელჩი არჩილ გეგეშიძე იმ პერიოდში არც კი იმყოფებოდა ამერიკაში", - განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
დავით ზალკალიანის განცხადებით კი, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ვიზიტისას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს, არჩილ გეგეშიძეს შეხვედრებზე დასწრებაზე უარი განუცხადა.
"როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, მას შეხვდა საქართველოს ახალი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე და შესთავაზა, რომ მიიღებდა მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელიც პრეზიდენტს აქვს დაგეგმილი. მან პრეზიდენტისგან უარი მიიღო, რომ საელჩოს დასწრება არ სჭირდებოდა ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.