"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს და მასთან დაკავშირებულ კიდევ სამ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლებსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო , პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს მოაწერა ხელი.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, მის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო პაკეტი, სავარაუდოდ, დღესვე გამოქვეყნდება "საკანონმდებლო მაცნეში".
"ხვალიდან კანონები ძალაში შევა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთთვიან პერიოდში უნდა ჩატარდეს მოსამართლეთა კონფერენცია და მათ უნდა აირჩიონ საკუთარი წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. პარლამენტმა უნდა დაიწყოს პროცედურები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების შესარჩევად", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, უსუფაშვილის თქმით, პარლამენტის მხრიდან განსახორციელებელი პროცედურები ხვალიდან დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ გამოაქვეყნებს განცხადებას, სადაც აღწერილი იქნება ის ღონისძიებები, რომელიც პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად უნდა გაატაროს.