საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებას "სერიოზულ დიპლომატიურ მიღწევად" აფასებს და აცხადებს, რომ ვანუატუ საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს.
"დღეს სერიოზული დიპლომატიური შედეგი იქნა მიღწეული. ახლახანს ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა დამიდასტურა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ გადაიფიქრეს აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილების მიღება, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობას საქართველოსთან. ალბათ, ქართველების უმეტესობას ვანუატუს სახელმწიფოს შესახებ არც გაუგია და ამაზე ცოტა რამ იცის, მაგრამ რატომ არის ეს მნიშვნელვანი? იმიტომ, რომ რუსეთის მიერ მთელს მსოფლიოში სირბილის, მოსყიდვის შანტაჟის, მთელი დიპლომატიური რესურსების ჩართვის შემდეგ ესაა პირველი პრეცედენტი, როცა ერთ-ერთმა ქვეყანამ, რომელიც რუსეთს დათანხმდა, თავისი აზრი შეიცვალა. ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მცდელობა არ დაგვიკლია, რომ მათ ეს გადაწყვეტილება შეეცვალათ. ესაა პირველი პრეცედენტი, როცა რუსეთმა დიპლომატიურ ფრონტზე განიცადა ძალიან სერიოზული მარცხი.
დარწმუნებული ვარ, არა უკანასკნელი", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიღწევა დასავლელი პარტნიორების დამსახურებაა.
"აი, რას ნიშნავს პატარა ქვეყნის მუშაობა თუნდაც შეზღუდული რესურსებით. რას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს სერიოზული დასავლელი მოკავშირეები. დასავლეთის მხარდაჭერა აკეთებს ამ ყველაფერს, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად, რომ ჯერ იმ ქვეყნებმა შეცვალონ გადაწყვეტილება, რომლებსაც ჩვენი ტერიტორიები რუსეთმა აღიარებინა, შემდეგ კი მოვა დრო, როცა რუსეთიც დაიხევს ამ აღიარებისგან უკან. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული", - აღნიშნავს პრეზიდენტი.