გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი, გიორგი შონვაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, ხათუნა გოგალაძის განცხადებაშია ნათქვამი.
მისივე განმარტებით, შონვაძის გათავისუფლების საფუძველი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაა.
მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა, რის შედეგადაც გამოვლინდა თანხების, კერძოდ, რამდენიმე მილიონი ლარის, არამართლზომიერი ხარჯვა.
"სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი უფროსის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი გათავისუფლების საფუძველია ის სამუშაოები, რაც მან განახორციელა დაცული ტერიტორიების რეკონსტრუქციის მიზნით. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სამინისტრო მიესალმება ნებისმიერი ტიპის რეკონსტრუქციას, განვითარებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. დაცული ტერიტორიები ქვეყნის სავიზიტო ბარათია, აქედან გამომდინარე, რაც უფრო განვითარებული იქნება ეს სფერო, ჩვენი ქვეყანა მით უფრო მიმზიდველი გახდება საერთაშორისო დონორებისთვის და მით მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება და უნიკალური ტერიტორიები. თუმცა, რეკონსტრუქციით ვერ იქნება გამართლებული თანხების არამართლზომიერი ხარჯვა. რეკონსტრუქციისათვის გამოყოფილი თანხები ისედაც მწირია. შესაბამისად, თუკი ჩვენ ორიენტირებულნი ვიქნებით დაცული ტერიტორიების განვითარებაზე, ნაცვლად არამართლზომიერი ხარჯვისა, აუცილებელია ხდებოდეს თანხების ეფექტიანი, სწორი და რაციონალური განაწილება" , - ნათქვამია ხათუნა გოგალაძის განცხადებაში.
გოგალაძის თქმით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ საუბარია არა მხოლოდ საბიუჯეტო, არამედ საერთაშორისო დონორების გრანტების ფარგლებში გამოყოფილ თანხებზეც, რაც ზრდის სამინისტროს პასუხისმგებლობას აღნიშნული თანხების მართლზომიერი ხარჯვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი გათავისუფლდა, ხოლო საქმის მასალები პროკურატურას შესწავლისათვის გადაეგზავნა.