თბილისის საქალაქო სასამართლოში "საქართველოს რკინიგზის" საქმეზე ბრალდებულებთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა. საქალაქო სასამართლოს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ :
"თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ბრალდებულების - ირაკლი თოდუას, ბადრი წილოსანის, ვლადიმერ აბულაძის, დავით ჯინჯოლიას, მამუკა დოლიძის, გიორგი ჟღენტისა და აბელ გიორგობიანის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე და სასამართლომ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, შესაბამისად, ისინი გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან; ხოლო, ბრალდებულ ირაკლი ეზუგბაიას შეეფარდა პატიმრობა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული არათუ პატიმრობის, არამედ ზოგადად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლები და დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნები, კერძოდ, ბრალდებულები დაკავებულნი იქნენ სასამართლოს განჩინების გარეშე, მაშინ როდესაც არ არსებობდა ბრალდებულთა დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა, აღნიშნული კი საქართველოს სსსკ-ის 176-ე მუხლის (პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის) თანახმად, წარმოადგენს დაკავებულთა გათავისუფლების საფუძველს.
ბრალდებულები დაკავებულნი იქნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში. შუამდგომლობაზე თანდართული მასალების თანახმად, ბრალდებულები დაკავებამდე ყველა გამოძახებისთანავე ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოში და მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებებში, მათ მიმართ არ გამოყენებულა საგამოძიებო ოგანოში იძულებითი წარმოდგენის ღონისძიება, შესაბამისად, არ არსებობდა ბრალდებულთა მიმალვის საფრთხე, რაც საფუძვლად დაედო მოსამართლის განჩინების გარეშე მათ დაკავებას. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არის დასაბუთებული, ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე და კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულთა სათანადო ქცევა, მათი საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადება უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშეც. ასევე მხედველობაში მიღებულ იქნა ბრალდებულთა პიროვნებები, მათი წარსული საქმიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ასევე ის ფაქტი რომ ბრალდებულები წარსულში არ არიან ნასამართლევნი. შესაბამისად, ბრალდებულთა მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე. რაც შეეხება ბრალდებულ ირაკლი ეზუგბაიას მის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებას.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 9 ივლისს 12 საათზე", - აცხადებენ სასამართლოში.