ჩვენ, პრაქტიკულად, სასწაული შევძელით და აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე რუსეთის მცდელობა ბლოკირებული გვაქვს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების საკითხზე კომენტირებისას აცხადებს.
"შეიძლება ადამიანმა დასვას კითხვა, რას დავდევთ ყველა ამ ქვეყანას, რომლის სახელიც შეიძლება ქართველების უმეტესობას არც კი გაგვიგია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა ამ ქვეყანას აქვს თითო ხმა გაერო-ში – რუსეთმა გაერო-ში თავისი ოკუპაცია რომ დააკანონოს და ჩვენი ტერიტორიების მიტაცება გახადოს, მისი თვალსაზრისით, შეუქცევადი, მას სჭირდება რაც შეიძლება მეტი ხმა ორგანიზავიის წევრებისა, ამიტომ ის დაშინების, დარწმუნების და მოსყიდვის წარმოუდგენელ დიპლომატიურ მცდელობებს აწარმოებს მთელს მსოფლიოში. თუმცა, ჩვენ ამ პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ბოლო წლებში გვქონდა დიდი წარმატებები. პრაქტიკულად ეს პროცესი ბოლომდე დავბლოკეთ. ჩვენ ყველა კონტინენტზე ვიმუშავეთ - მაგალითად, ფიჯიში იყო ვიღაც, რუსეთის რეზიდენტი, უამრავი ფულით, რამდენიმე მიილიონი დახარჯა ვანუატუში, ტუალუში, ნაურუში და სხვა ქვეყნებთანაც დადიოდა. ფიჯის მთავრობამ ეს ადამიანი თავისი ქვეყნიდან გააძევა და ის ამ რეგიონში საერთოდ ვერ ბრუნდება. ესაა ნათელი მაგალითი, რას ნიშნავს მიზანმიმართული დიპლომატიური ძალისხმევა. მართლაც სასწაული შევძელით, ჯერჯერობით, პრაქტიკულად ბლოკირებული გვაქვს რუსეთის ეს მცდელობა", - აცხადებს პრეზიდენტი.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირი საქართველოს ახალ მთავრობასაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში "ფუნდამენტურად სწორი პოზიციები" ჩამოაყალიბოს.
"ძალიან საშიშია იმაზე ლაპარაკი, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგები იყო სიცრუე – ეს საშიშია ჩვენი არაღიარების პოლიტიკისთვის. როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ შენ ხარ პირველი რეფორმატორი აღიარებული მსოფლიო ბანკის მიერ, მსოფლიოში მოწინავე რეფორმების თვალსაზრისით, ძალიან ძნელია ყველაზე თავზეხელაღებული მთავრობისთვისაც კი, ხმა მისცეს მის დაქუცმაცებას, მაგრამ თუ შენ თვითონ წაიყრი თავზე ნაცარს და იტყვი, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, რა თქმა უნდა, ეს საფრთხე გაიზრდება. ბილ კლინტონმა მითხრა ვაშინგტონში, ჩავდივარ ყველაზე უფრო შორეულ ქვეყნებში და მეუბნებიან, ქართულ რეფორმებზე მოგვიყევიო. ამის წყალში გადაგდება არავითარ შემთვხევაში არ შეიძლება. არის კიდევ მეორე საკითხი _ თუ ჩვენ საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას და დავიწყებთ გამოძიებას, ეს გააძლიერებს პუტინის და ლავროვის პოზიციას აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების მოპოვების კუთხით. თუ ჩვენ თვითონვე გამოვაცხადებთ აფხაზეთის ე.წ. მთავრობას და ცხინვალის ე.წ. მთავრობას მხარეებად, მაშინ გავაძლიერებთ პუტინის და ლავროვის პოზიციებს. ამიტომ მე, რამდენიც არ უნდა ვიარო მსოფლიოში (და მინდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროც აქ იყოს დღეს ჩემთან), თუ შიგნით არ გვექნება ფუნდამენტურად სწორი პოზიციები, ჩვენ ამ ბრძოლაში დავიხევთ უკან და პირიქით _ წავიწევთ წინ, თუ მივყვებით იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით", - აღნიშნავს პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვანუატუმ აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა.