ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ დაპირისპირებულ პარტიებს კოჰაბიტაციის გაძლიერებისკენ და დაძაბული ურთიერთობების დალაგებისკენ მოუწოდებს, რამდენადაც საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"დროა, ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული პროცესები დაიწყოს. უნდა იკლოს ხისტმა რიტორიკამ და ურთიერთბრალდებებმა", - განაცხადა იტალიელმა სენატორმა ლუჩიო მალანმა ლუქსემბურგში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობისას დაშვებული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურ რევანშში.
როგორც საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, ნატო-ს ლიდერები პირობას დებენ, რომ ერთ დღეს საქართველო ალიანსის წევრი გახდება და ოქრტომბერში, ხელისუფლებაში მოსული ახალი მთავრობა ალიანსში გაწევრიანების ერთგული რჩება.
სიტყვით გამოსვლისას ლუჩიო მალანმა ქართველები პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებისას გამოჩენილი შეუპოვრობისთვისაც შეაქო. მან ასევე აღნიშნა, რომ ავღანეთში, ნატო-ს მისიაში საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს.
იტალიელმა სენატორმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე, ალიანსის წევრებმა სერიოზულად უნდა განიხილოთ საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემა. თუმცა, თავის გამოსვლაში მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ბოლო ხანს განვითარებული პოლიტიკური დაძაბულობით.
"ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის აუხდენელი ოცნება გახდება, თუ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური კონფლიქტი იარსებებს და საქართველო ვერ შეძლებს ჭეშმარიტი დემოკრატიის გზით სვლას", - განუცხადა ლუჩიო მალანმა ასამბლეის პარლამენტარებს, რომელთა შორის საქართველოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
როგორც საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, საქართველოს დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები ერთიანი არიან იმ საკითხში, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას ეხება.
"იქ სადაც საქმე ნატო-ს ეხება, პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობა დაუშვებელია. ვიცით, რომ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და რომ ნატო-ს წევრობას დიდი ვალდებულებები ახლავს თან ისევე, როგორც სარგებელი", - აცხადებს დეპუტატი თედო ჯაფარიძე.
პრეს-რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ოპოზიციას ნორმალური და კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს საპარლამენტო უმრავლესობასა და ახალ მთავრობასთან. თუმცა, ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ახალმა ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს საზოგადოებაში ტოლერანტობის ხელშეწყობისთვის.
"ამავდროულად, ბარამიძე შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ "შესაძლოა ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირს მიღმა დატოვოს", - ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
როგორც პრეს-რელიზშია აღნიშნული, საქართვეელოს ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს ვაშინგტონი. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენმა თომას მარინომ განაცხადა, რომელმაც ასევე მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმების თაობაზე ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
"ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ შეინარჩუნონ კონსტრუქციული, შორსმავალი ტონი საჯარო დისკურსებში მომავალი პროგრესის უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის", - განაცხადა თომას მარინომ.