ფოთის მეტალურგიული ქარხნის ინვესტორები საქართველოს ხელისუფლებისგან დამატებით ბენეფიტებსა და სარგებელს ითხოვენ, რაც გახდა 250-მილიონიანი პროექტის შეჩერების მიზეზი.
ამ განცხადებას commersant.ge–ს კითხვაზე პასუხისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი აკეთებს.
შეგახსენებთ: როგორც ცნობილი გახდა, ფოთში მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაში ინვესტიცია სავარაუდოდ აღარ ჩაიდება. მთავრობის ცვლილების შემდეგ ერთ-ერთი პირველი საინვესტიციო პროექტი ფოთში სწორედ მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა იყო, რომელშიც თურქულ მხარეს 250 მილიონი დოლარი უნდა ჩაედო, თუმცა, თურქული მხარის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტი სავარაუდოდ აღარ განხორციელდება და საკითხზე საბოლოო პასუხს ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდებიან.
რა პრობლემები შეიქმნა პროექტის განხორციელების პროცესში და რას ითხოვს თურქული მხარე ეკონომიკის სამინისტროსგან? commersant.ge-ს ამ კითხვაზე პასუხისას დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და საკითხი მარტივად ვერ გადაწყდება იმ ვითარებაში, როცა მეორე მხარე დამატებით პირობებს აყენებს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ნებისმიერ ინვესტორს აქვს უფლება საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს, ყოველგვარი პირობების წამოყენების გარეშე, თუმცა ფოთის მეტალურგიული ქარხნის შემთხვევაში ინვესტორები ქვეყნის ხელისუფლებას გარკვეულ პირობების შესრულებას თხოვენ.
,,უკვე ძალიან დიდი ხანია აღნიშნულ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ინვესტორები ჩვენგან დამატებით ბენეფიტებს და სარგებელს ითხოვენ, სახელმწიფოს მხრიდან კი ეს საკითხი ასეთი მარტივი გადასაწყვეტი არ არის,“ – აცხადებს ქუმსიშვილი და აღნიშნავს, რომ თურქული მხარის მოთხოვნების შესახებ დეტალურად მედიას უახლოეს ხანებში აცნობებს.