საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.
დავით ზალკალიანი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა შენიშვნა გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები მას უცხოურ ვიზიტებში არ დაჰყვებიან.
როგორც ზალკალიანი აცხადებს, სამწუხაროდ, პრეზიდენტის საჯარო განცხადებები რადიკალურად განსხვავდება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ქმედებებისგან და შესაბამისად, უწყება ამ შენიშვნას არ მიიღებს.
ზალკალიანი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობა.
დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ყველა ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა სწორედ არაღიარების საკითხი და ამ საკითხეზე ერთი დღითაც არ შეჩერებულა მუშაობა.
რაც შეეხება პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებას, რომლითაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ეკვადორში ვიზიტისას მაინც ახლდნენ, ამაზე ზალკალიანი განმარტავს, რომ ეკვადორში ვიზიტს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გეგმავდა. ზალკალიანის განცხადებით, დავით უსუფაშვილს ბილეთებიც ჰქონდა აღებული და სასტუმროც დაჯავშნილი, თუმცა გუშინ გაირკვა, რომ პრეზიდენტი მიდის ეკვადორში და აქედან გამომდინარე, უსუფაშვილი აღარ გაემგზავრება. საგარეო საქმეთა სამინისტოროდან კი ამ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დაესწრება.
23 - 24 მაისს, ეკვადორში პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება და სწორედ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად მიემართება ქართული დელეგაცია.
რაც შეეხება არაკოორდინირებულობას, ზალკალიანის განცხადებით, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება.
"ჩვენ არ გვესწავლება კულუარებში და საჯაროდ მუშაობა", – განაცხადა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ საგარეო სამინისტორს გარდა საპარლამენტო უმრავლესობაც მზად არის გაჰყვეს პრეზიდენტს ვიზიტებში.