საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევად არ შეფასდეს.
როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს შავგულიძემ განუცხადა, კომისიის შექმნის მიზანი მართლმსაჯულების სისტემაში წლების განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორებაა და ეს ანგარიშსწორების სახეს არ მიიღებს.
"არსებობს მოცემულობა, რომ გავლილი წლების განმავლობაში სისტემური ხასიათი ჰქონდა ხარვეზებს მართლმსაჯულებაში. ამას ადასტურებს ის ათიათასობით საჩივარი, რომელიც დღეს სახელმწიფო ორგანოებშია შეტანილი. არ შეიძლება ამ მოცემულობაზე ახალმა ხელისუფლებამ თვალი დახუჭოს და თავი გაიმართლოს იმით, რომ ეს ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მომხდარა. ამ ხარვეზებს უნდა გამოსწორება. სწორედ ამას ემსახურება მართლმასჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნა და ის ანგარიშსწორების სახეს არ მიიღებს. მოხდება მხოლოდ საქმეების გადასინჯვა წმინდა სამართლებრივი კუთხით და სადაც ვითარება გამოსასწორებელია, იქ განაჩენი შეიცვლება", - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.
მისივე განმარტებით, კანონპროექტზე მუშაობა "არადაჩქარებული წესით" მიმდინარეობს და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, ვინაიდან საკითხი "მეტად ფაქიზი და მნიშვნელოვანია".
"ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის მართლმსაჯულების, იმ ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების საკითხი, რაც სახელმწიფოს აქვს აღებული თავის მოქალაქეების მიმართ", - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.
იუსტიციის სამინისტროს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებით სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტი მოამზადა. საუბარია სისხლის სამართლის საქმეებზე 2004 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე გამოტანილ განაჩენებზე.
პროექტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში, რომლის დასკვნაც, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებისთვის მომზადდება.