ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ ვერ ხერხდება ამდენი ხნის განმავლობაში ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიცია. როგორც "ინტერპრესნიუსს" მელნიკოვის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა , მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინასასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე უკვე რამდენჯერმე გადაიდო და ახლა 11 ივნისს არის ჩანიშნული.
"წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებს და რატომ ვერ აკეთებს ქართული მხარე, რომ მელნიკოვის ექსტრადირება მოხდეს. სასამართლო მესამედ თუ მეოთხედ გადაიდო და რა ეტაპზეა უკრაინაში პროცესები წარმოდგენა არ მაქვს", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ოლეგ მელნიკოვის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 მაისისთვის იყო ჩანიშნული. ადვოკატის ინფორმაციით, მელნიკოვის საქართველოში ექსტრადირების საკითხი მხოლოდ ქართულ მხარეზეა დამოკიდებული და ყველა სხვა პროცედურა დასრულებულია.
შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, გასული წლის 7 დეკემბერს, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. ამ დროისთვის მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ქართული მხარე მელნიკოვის სამშობლოში ექსტრადიციას ითხოვს. მისი ადვოკატის ცნობით, საქართველოში ექსტრადიცია თავად მელნიკოვსაც სურს.