მართლმასაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ქართული მხარე ვენეციის კომისიის დასკვნას ივნისის შუა რიცხვებისთვის ელოდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ფორუმის დაწყებამდე განუცხადა, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, ვიდრე ვენეციის კომისიის დასკვნა გახდება ცნობილი, ქართული მხარე კომისიის შექმნის საკითხზე არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს აგრძელებს და აღნიშნული ფორუმიც სწორედ ამის დადასტურებაა.
"გასული წლების განმავლობაში სასამართლოების მიერ არაერთი დაუსაბუთებელი განაჩენია გამოტანილი. ხალხი მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას და სამართლიანობის აღდგენის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სწორედ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნა. კანონპროექტი უკვე გადაეგზავნა ვენეციის კომისიას, დასკვნას ივნისის შუა რიცხვებისთვის ველოდებით. იქამდე კონსლუტაციები გრძელდება სამოქალაქო სექტორთან და დღევანდელი შეხვედრაც ამის მაგალითია", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის საქმეს განიხილავს კომისია, მინისტრის მოადგილის განმარტებით, კომისია სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებზე იმსჯელებს.
"კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში იყო ნორმები იმის თაობაზე, რომ კომისიას განეხილა საჩივრები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც. სხვადასხვა მოსაზრებების გამო, მათ შორის იმის გამოც, რომ ეს შესაძლოა, ბიუჯეტისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი ყოფილიყო, ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ კომისიამ მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე შეტანილი საჩივრები განიხილოს. დადგება გარკვეული შედეგი, შემდეგ შესაძლოა, სამოქალაქო გზითაც შეიტანოს საჩივარი მოქალაქემ", - აღნიშნა მინისტრიეს მოადგილემ.
ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, ამ ეტაპზე არსებული მოსაზრებით კომისია 9-კაციანი შემადგენლობით დაკომპლექტდება.
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის, სტივენ ჰაიკინის ხელმძღვანელობით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის კანონპროექტის შესახებ საზოგადოებრივი ფორუმი იმართება, რომელსაც კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მართავს.
ფორუმს სასამართლოს, აღმსარულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ამ სფეროში მომუშავე ექსპერტები ესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ ეს არის მე-7 ღონისძიება, რომელიც კოალიციის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმართება.