საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმრავლესობას მასთან ერთად ვიზიტებში წაყოლას სთავაზობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ტაილანდში განუცხადა, სადაც ორმხრივი შეხვედრების გარდა, აზია-წყნარი ოკეანის წყლის მეორე სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
"ჩვენ ვიცით, როგორ ინტენსიურად მუშაობს რუსეთის ფედერაცია, რომ რაღაცნაირად დააკანონოს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მას აუცილებლად მოუწევს დეოკუპაცია და გასვლა, მაგრამ თუ შეძლებს, რომ ბევრმა ქვეყანამ დააკანონოს ოკუპაცია, რა თქმა უნდა, ეს პროცესი რუსეთის თვალსაზრისით გახდება შეუქცევადი. ამიტომ, ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა დიპლომატიური ქმედებები. ჩვენ წინა წლებში გავაჩერეთ ჩვენი ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების პროცესი ამ ინტენსიური სიარულით და დიპლომატიით. აქ, აზიის ქვეყნების სამიტია და ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც ჩამოდის მთელი რიგი რისკის ჯგუფის ქვეყნები. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი დელეგაცია ჩამოვიდა და აქ არ არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
არადა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი დადის, უნდა დადიოდეს და კულუარებში მუშაობდეს იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩემში გაკვირვებას იწვევს, რატომ არ არის აქ საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათ მშვენივრად იცოდნენ ამ სამიტის შესახებ რამდენიმე თვით ადრე. მე ვფიქრობ, რომ მომავალში მეტი კოორდინაცია გვმართებს",-აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე დღეში ის მიემგზავრება ეკვადორში, ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. სააკაშვილი აცხადებს, რომ ეკვადორი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, "მაგრამ, იქაც ჩამოდიან სარისკო ჯგუფები, რომლებთანაც რუსეთი აქტიურად მუშაობს".
"ამიტომ, მე მინდა შევთავაზო მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, წამოვიდნენ ხოლმე ჩვენთან ერთად დელეგაციაში, რომ მარტო უმცირესობის წევრები არ ვატაროთ. მე მხოლოდ გამიხარდება და მივესალმები, თუ უმრავლესობის წარმომადგენლები წამოვლენ, იმიტომ, რომ ჩვენს პოზიციებში განსხვავება არ უნდა იყოს და ამ თემებზე ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ. ეკვადორში მაინც უნდა გამოსწორდეს ის სიტუაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლდეს პრეზიდენტს და უნდა მუშაობდეს საქართველოს საკითხებზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხელჩართულ დიპლომატიურ ბრძოლაში და აქ უმრავლესობა-უმცირესობა, პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებები არ უნდა არსებობდეს. ყველანი ქართველები ვართ და ყველანი საქართველოსთვის უნდა ვიბრძოდეთ",-დასძინა სააკაშვილმა.