ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით, მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართება.
ფორუმს დღეს, 10:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი სტივენ ჰაიკინი გახსნის.
ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფორუმი ფოკუსირებული იქნება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტის ინსტიტუციური და პროცედურული საკითხების განხილვაზე. მისი მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას, რომ მოხდეს კანონპროექტთან დაკავრებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.
ფორუმს სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ამ სფეროში მომუშავე სხვა ექსპერტები დაესწრებიან.