შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეიდან განახლებული ვებგვერდი აქვს. როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი ვებ-გვერდი უფრო მოქნილია და სრულად პასუხობს მომხმარებლის ინტერესებს , ასევე, ამიერიდან დაინტერესებული პირი ინფორმაციას უფრო სწრაფად მიიღებს.
"საიტის სტრუქტურა მაქსიმალურად პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს ტენდენციებს. სამინისტროს განცხადებები და სიახლეები მომენტალურად იდება ვებ-გვერდზე. მოქალაქეს ახალი ვებ-გვერდის მეშვეობით შეუძლია ნახოს სამინისტროს სტრუქტურა, სამსახურები და დეპარტამენტები, მათი ხელმძღვანელების ბიოგრაფიები. სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები და ღონისძიებები", - აცხადებენ სამინისტროში. მათივე თქმით, ვებ-გვერდი იძლევა იმის საშუალებას, რომ მოაქალაქეებმა გამოთქვან რეკომენდაციები პოლიციის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ.
გარდა ამისა, შეიქმნა შს სამინისტროს მობილური აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს სერვისებს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებებს, რომელსაც შს სამინისტრო და მასში შემავალი ცალკეული სამსახურები სთავაზობენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. კერძოდ, სამინისტროს ინფორმაციით, მობილური აპლიკაცია შექმნილია ი-ოს და ანდროიდის სისტემებზე მომუშავე პლატფორმებისთვის. მობილური აპლიკაციების მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ ადმინისტრაციული ჯარიმების ოპერატიულად გადახდა, საზღვრის კვეთისთვის საჭირო ანკეტის შევსება, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ვირტუალური ჩაბარება და სხვა.