საქართველოში დღეს პოლიციელის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ღონისძიებებს გეგმავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, გაიმართება სიახლეების პრეზენტაცია, ასევე, თბილისსა და რეგიონებში პოლიციელების დაჯილდოებაც იგეგმება.
რაც შეეხება სიახლეებს, გიორგობიანის ინფორმაციით, მოხდება პოლიციელის ახალი ფორმის, სამხრე ვიდეოკამერის, ახალი ჟეტონის, ავტომანქანების, ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორის და ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია.
დღესვე, სამინისტრო ინოვაციურ სიახლეებსაც წარმოადგენს, როგორიც არის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია. სიახლეების პრეზენტაცია კახეთის გზატკეტილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში და მიმდებარედ მოხდება.
ნინო გიორგობიანის ცნობით, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონია სამინისტროს შენობის გარეთ გაიმართება. თბილისში დაჯილდოვდება 50 პოლიციელი, რეგიონებში კი სამხარეო სამმართველოების უფროსები ადგილობრივ პოლიციელებს დააჯილდოვებენ.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული დელეგაციები დაესწრებიან.
საქართველოში პოლიციის დღე 6 მაისს აღინიშნება, თუმცა, როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, წელს ღონისძიება აღდგომის დღესასწაულის დღეებს დაემთხვა და ამ მოტივით 19 მაისისთვის გადაიდო.