საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გორის რაიონის სოფელ კარალეთში პოლიციელებს დააჯილდოებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დილით სოფელ კარალეთში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზას ეწვევა და ბაზის 11 თანამშრომელს განსაკუთრებული დამსახურებისთვის დააჯილდოვებს. მინისტრი პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მიღწეული წარმატებისთვის სამინისტროს მედლებს გადასცემს.
ამასთან, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა ღონისძიებებსაც გეგმავს. ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, გაიმართება სიახლეების პრეზენტაცია, ასევე თბილისსა და რეგიონებში პოლიციელების დაჯილდოებაც იგეგმება.
რაც შეეხება სიახლეებს, გიორგობიანის ინფორმაციით, მოხდება პოლიციელის ახალი ფორმის, სამხრე ვიდეოკამერის, ახალი ჟეტონის, ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორის და ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია.
დღესვე სამინისტრო ინოვაციურ სიახლეებსაც წარმოადგენს, როგორიც არის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია. სიახლეების პრეზენტაცია კახეთის გზატკეტილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში და მიმდებარედ მოხდება.
ნინო გიორგობიანის ცნობით, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონია სამინისტროს შენობის გარეთ გაიმართება. თბილისში დაჯილდოვდება 50 პოლიციელი, რეგიონებში კი სამხარეო სამმართველოების უფროსები ადგილობრივ პოლიციელებს დააჯილდოვებენ.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული დელეგაციები დაესწრებიან.
საქართველოში პოლიციის დღე 6 მაისს აღინიშნება, თუმცა როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, წელს ღონისძიება აღდგომის დღესასწაულის დღეებს დაემთხვა და ამ მოტივით 19 მაისისთვის გადაიდო.