თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ბათუმშიც გამოეხმაურნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები ბათუმის "პრესკაფესთან" შეიკრიბნენ და კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლი ერთხმად წაიკითხეს. კონსტიტუციის კითხვა კინტაურის მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. როგორც რეჟისორმა გიორგი ქათამაძემ აღნიშნა, გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების გამოხატვის უფლებას.
"რაც გუშინ მოხდა ვფიქრობ, სახელმწიფო იყო უსუსური და ვერ დაიცვა მოქალაქეების გამოხატვის უფლება. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლს ხმამაღლა ვკითხულობთ და ჩვენს პროტესტს ვაფიქსირებთ", - აღნიშნა გიორგი ქათამაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ხელმძღვანელის ნათია აფხაზავას თქმით კი, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის უფლება.
"კონსტიტუციით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას გამოხატვის უფლება. თუ ორ მხარეს აქვს დაგეგმილი აქცია, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ორივე მხარის გამოხატვის უფლება. სახელმწიფომ გუშინ ვერ უზრუნველყო ერთი მხარის გამოხატვის უფლება, რაც გადაიზარდა ძალადობაში", - აღნიშნა ნათია აფხაზავამ.
გუშინ თბილისის ცენტრში ლგბტ აქტივისტების აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა მათ ამ აქციის ჩატარებაში ხელი შეუშალეს სასულიერო პირებმა და მრევლმა. გუშინ მომხდარი მოვლენების გამო 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არც ერთი არ ყოფილა ლგბტ აქტივისტი.