საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "საქართველო სიძნელეებს გადალახავს და წინ წავა".
ამის შესახებ აშშ-ში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სადაც მან აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.
"ეს ოჯახი რა თქმა უნდა, დღესაც აშშ-ის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ოჯახია. ჰილარის მნიშვნელობაც ძალიან დიდია ამერიკის მომავალი პოლიტიკისთვის. კარგად მახსოვს, რომ ჩემი პირველი შეხვედრა, როცა პრეზიდენტად ამირჩიეს, იყო ბილ კლინტონთან შვეიცარიაში და მაშინ ისე მხურვალედ დამიჭირა მხარი და მთელი ეს წლები მეხმარებოდა. მისი გავლენა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი არაა, დიდია მსოფლიოს მასშტაბით. ვფიქრობ, რომ მას ზუსტი წარმოადგენა აქვს, თუ რა ხდება საქართველოში, რეგიონში და სხვათაშორის, ვფიქრობ, რომ მომავლისთვის ჩვენთვის ასეთი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა იქნება ხვალინდელი დღე. საქართველო სიძნელეებს გადალახავს, წინ წავა და აშშ-ის ხვალინდელ ლიდერებთან ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტი უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო თანამეგობრობაში სამუდამოდ თავისი ადგილი დაიმკვიდროს, ამიტომ ამ მხრივ, ახლა ორივე მხარეს სწორედ ამ მიზნით შევხვდი, რომ ვიცნობდე, პულსზე გვედოს ხელი, თუ რა არის ხვალინდელი დღე", - განაცხადა სააკაშვილმა.