საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, გორის რაიონის სოფელ კარალეთში პოლიციელებს დააჯილდოვებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ დილით, სოფელ კარალეთში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზას ეწვევა და ბაზის 11 თანამშრომელს განსაკუთრებული დამსახურებისთვის დააჯილდოვებს. მინისტრი პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მიღწეული წარმატებისთვის სამინისტროს მედლებს გადასცემს.
ამასთან, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა ღონისძიებებსაც გეგმავს. რაც შეეხება სიახლეებს, მოხდება პოლიციელის ახალი ფორმის, სამხრე ვიდეოკამერის, ახალი ჟეტონის, ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორის და ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია.
ხვალვე, სამინისტრო ინოვაციურ სიახლეებსაც წარმოადგენს, როგორიც არის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია. სიახლეების პრეზენტაცია კახეთის გზატკეტილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში და მიმდებარედ მოხდება. თბილისში დაჯილდოვდება 50 პოლიციელი, რეგიონებში კი სამხარეო სამმართველოების უფროსები ადგილობრივ პოლიციელებს დააჯილდოვებენ.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული დელეგაციები დაესწრებიან.
საქართველოში პოლიციის დღე 6 მაისს აღინიშნება, თუმცა როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, წელს ღონისძიება აღდგომის დღესასწაულის დღეებს დაემთხვა და ამ მოტივით 19 მაისისთვის გადაიდო.