სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სტამბოლში მილანის ედიქტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება. ამის შესახებ "ინტრპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს.
სტამბოლში უწმინდესი კონსტანტინეპოლისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესი ბართლომე I-ის მიწვევით იმყოფება. პატრიარქი საქართველოში ხვალ დაბრუნდება.
რომის იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთად მიიჩნევდნენ, ქრისტიანებს 300 წელზე მეტხანს სასტიკად დევნიდნენ. მათი დევნა მხოლოდ იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) დროს შეწყდა. 313 წელს მილანში კონსტანტინე დიდმა თანაიმპერატორ ლიცინიუსთან ერთად, გამოსცა ედიქტი, რომელიც შემწყნარებელი იყო ყველა სარწმუნოების მიმართ. ქრისტიანებს სხვა რელიგიური მიმდინარეობების გვერდით თანაბარი უფლებები ენიჭებოდათ.