მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე ორი საპროტესტო აქცია ხმაურისა და მცირე ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , კანცელარიასთან შეკრებილ, საწინააღმდეგო აზრის მქონე აქტივისტებს შორის რამდეჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მათ შორის, ერთ შემთხვევაში ეს იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ხუთი ახალგაზრდა მიწაზე დაწვა და სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობა ამ ფორმით გააპროტესტა. აღნიშნულ ფაქტს მწვავე რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მიერ გავლებული ცოცხალი ჯაჭვის მიღმა მყოფი პირებისგან, რომლებიც "გარყვნილების" პროპაგანდის კანონით აკრძალვის მოთხოვნით გამოდიოდნენ.
მათი განცხადებით, ამგვარი ქმედება კიდევ ერთი დემონსტრირება იყო იმისა, რომ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და ე.წ. უფლებადამცველები რეალურად სექსუალური უმცირესობების პროპაგანდისტები არიან.
სიტუაცია ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე არ მისულა და ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩარევის შედეგად მალევე განიმუხტა.
დღევანდელ აქციაში, რომელიც მიმართული იყო ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ, მონაწილეობა მიიღეს უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა და მოქალაქეებმა, რომლებმაც აქციის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყვეს. ისინი ქვეყნის ხელისუფლებისგან მოძალადეებისა და ძალადობის წამახალისებელი პირების დასჯას მოითხოვდნენ.
ამასთან, კანცელარიასთან განცხადება გააკეთა თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძემ. მან აღნიშნა, რომ გუშინდელ შემთხვევებთან დაკავშირებით აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების გამოძიება.
აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.