პოლიციის დამსახურებაა, რომ გუშინდელმა აქციამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, – ამის შესახებ "პოლიტიკის ანალიზის ცენტრის" მკვლევარმა ოთარ კახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიციის პასუხისმგებლობაზე საუბარი ზედმეტია, ვინაიდან, საზოგადოებამ იხილა კადრები თუ როგორ გმირულად იცავდა პოლიცია შეზღუდული რესურსებით მოქალაქეთა უსაფრთხოებას.
ამასთან, კახიძის მოსაზრებით, შსს-მ დიდი მასშტაბის აგრესიის დროს უნდა უზრუნველყოს სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება მოქალაქეთა ჯგუფის ძალადობისგან დასაცავად.
"არსებობს წყლის ჭავლი, ჯავშანტრანსპორტიორებითაც შეიძლება გზის ჩახერგვა. საქართველოს შსს აღჭურვილია ამ სპეციალური საშუალებებით და ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება", – აღნიშნა ოთარ კახიძემ.
მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო.
"რომ არა პოლიციის აქტიურობა, არ ვიცით დღეს რა შედეგი გვექნებოდა", - დასძინა კახიძემ.
მისივე თქმით, საერო ხელისუფლებამ პასუხისგებაში უნდა მისცეს ყველა მოძალადე, მიუხედავად იმისა, მას ანაფორა აცვია თუ არა.
"პოლიტიკის ანალიზის ცენტრის" მკვლევარმა იმედი გამოთქვა, რომ შსს მომავალში აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას იმ ძალით უზრუნველყოფს, რომელიც ექსტრემიზმს შეაკავებს.
ოთარ კახიძის თქმით, მცდარი წარმოდგენაა, რომ საქართველოს ეკლესიაში ყველა მოძალადეა.