არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", ფოთში, საპარლამეტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებზე კვლევა წარმოადგინა. კვლევის მიხედვით, გამოკვეთილია თანამდებობის პირების იძულებით და პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლების ტენდენცია.
კვლევის მიხედვით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით თანამდებობა დატოვა 50-მა გამგებელმა, მათგან 48-მ პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო ორმა საკრებულოს გადაწყვეტილებით. ასევე, თანამდებობაიდან გადადადგა საკრებულოს 26 თავმჯდომარე, მათგან 21 საკუთარი განცხადების საფუძველზე, ოთხი კი, საკრებულოს გადაწყვეტილებით.
"სამართლიანი არჩევნების" მონაცემებით, პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან, მიმდინარე წლის 28 თებერვლამდე, საერთო ჯამში, გათავისუფლებულია 1877 თანამშრომელი, 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 55 გამგეობასა და 26 საკრებულოში განხორციელდა. 34 მუნიციპალიტეტში კი, სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 425 სოფლის რწმუნებული.
"სამწუხარო ტენდენცია, რომელიც იკვეთებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, ამ ეტაპზეც იკვეთება, ეს არის პოლიტიკური ნიშნით და სავარაუდოდ ზეწოლის საფუზველზე ადამიანების გათავისუფლება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ათეულობით ადამიანს ერთდროულად აქვს განცხადება დაწერილი და ბუნებრივია, ეს იწვევს ეჭვს იმის თაობაზე, თუ რამდენად იყო ეს მათი ნება. ჩვენთან, ზოგიერთები ღიად აფიქსირებენ, რომ განცხადებების დაწერა მოხდა ზეწოლის და პოლიტიკური ნიშნის საფუძველზე, თუმცა უმრავლესობა თავს იკავებს ამის ღიად დაფიქსირებისგან", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" რეგიონულმა კოორდინატორმა მადონა ბერიძემ.
"სამართლიანი არჩევნები" ცენტრალურ ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს, შეიქმნას მსგავსი ფაქტების შემსწავლელი კომისია და თვითმმართველობებს საკუთარი უფლებამოსილების თავისუფალ გარემოში განხორციელების საშუალება მიეცეთ. წარმოდგენილი კვლევა, 2012 წლის 1 ოქტომრიდან, 2013 წლის 28 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს.