"ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება", - აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ინგლისურენოვან ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პრემიერის თქმით, შეკრების და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის.
"მშვიდობიანად შეკრების და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება ფუნდამენტურია ჩვენი დემოკრატიისთვის. საქართველოს ყველა მოქალაქე სრულად და თანაბრად სარგებლობს ამ უფლებით", - აცხადებს, პრემიერი.
მისი თქმით, მთავრობა არ შეურიგდება ძალადობას, დისკრიმინაციას და სხვათა უფლებათა შეზღუდვას.
"ჩვენ არ შევურიგდებით ძალადობას, დისკრიმინაციას და სხვათა უფლებათა შეზღუდვას და ამ დანაშაულების ყველა ჩამდენს კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი," - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერი აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე 2000-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული, თუმცა პოლიცია ვერ გაუმკლავდა საპროტესტო აქციაში მონაწილეთა დიდ რაოდენობას. რამდენიმე მათგანმა ძალადობა განახორციელა, გაარღვია პოლიციის კორდონი და სცადა ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა ლგბტ წარმომადგენლებისთვის. აღნიშნულის შემდეგ, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები უსაფრთხო ადგილად გადაიყვანეს.