პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობამ საზოგადოებაში ძალადობა არ უნდა დაუშვას. "უკიდურესად ვარ შეშფოთებული თბილისის ცენტრში მომხდარი ძალადობის აქტით. რა მოტივითაც არ უნდა იყოს განპირობებული ძალადობა, არ შეიძლება ის იყოს ქართული საზოგადოების სახე! არ ვეთანხმები იმას, რომ დღევანდელი ძალადობა იყო რიგითი პოლიციელების რაღაც სახის მოქმედების შედეგი და ეს მათ უნდა დაბრალდეთ. ლაპარაკია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მთავრობა იმას, რაც ხდება, უბრალოდ კი არ უნდა ემიჯნებოდეს, მთავრობა იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ არ დაუშვას ძალადობა საზოგადოებაში, არ დაუშვას ის, რომ გაურკვეველი ამნისტიებით, როგორც ეს მოხდა, კრიმინალებს უშვებდნენ პოლიტიკური მოტივით ციხიდან", -განაცხადა გუშინ სააკაშვილმა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ძალადობის სცენები საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს მკვეთრად ასუსტებს. "დავფიქრდეთ ასევე ამ ყველაფრის გლობალურ ასპექტებზე. საქართველოს აქვს დიდი საერთაშორისო გამოწვევები, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენს წინააღმდეგ ჩვენი აგრესორი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს მძლავრ პროპაგანდისტულ კამპანიას. წინა წლებში საქართველო მსოფლიოს თვალში ჩამოყალიბდა სტაბილურ, მშვიდ, სწრაფად განვითარებად, უსაფრთხო ქვეყნად. აი, ამის ფონზე, ძალადობის სცენების მსოფლიოსთვის ჩვენება მკვეთრად ასუსტებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს, აძლიერებს ჩვენს მტრებს და წყალში გვიყრის მთელ იმ შრომას, რომელსაც ყველანი ერთად ვეწეოდით წინა წლებში.
ჩვენ ახლა უნდა დავსხდეთ, მთავრობაც და ოპოზიციაც, სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები, უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, გვინდა, რომ საქართველო გაძლიერდეს და არა პირიქით, ისევ იმ ჭაობში ჩაეფლოს, საიდანაც ძლივს ამოვიყვანეთ. ყველანი ერთად უნდა დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, რომ ყველა ეს საკითხი გადაწყდეს კანონის ფარგლებში, ინსტიტუტების მეშევეობით და მხოლოდ დიალოგის გზით",-აცხადებს სააკაშვილი.