ლუქსემბურგში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიამ მუშაობა დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს , საქართველოს დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ირაკლი ჩიქოვანი, ლევან ბერძენიშვილი და გიორგი ბარამიძე.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართა, დღეს სიტყვით გამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელსაც თედო ჯაფარიძემ შეკითხვით მიმართა: "2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის შემდეგ ჩვენ ჩავერთეთ ცოტა უცნაურ (ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის უცნაურ) კოჰაბიტაციის პროცესში, რომელიც დღემდე გრძელდება. ჩვენ მიერ აღებული ვალდებულების შესაბამისად, ვრჩებით ავღანეთში, იმ დრომდე, რა დრომდეც ეს საჭირო იქნება, ჩვენ შეძლებისდაგვარად პოზიტიურ დიალოგში ჩავერთეთ რუსეთთან, რაც როგორც ჩანს არც თუ ისე ადვილი და გრძელვადიანი პროცესი იქნება, რადგანაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი და ოკუპაციის პრობლემა ჩვენთვის უმთავრესია. გარდა ამისა, ბატონო გენერალურო მდივანო, რა შეიძლება საქართველომ გააკეთოს, რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა?".
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რასმუსენმა ამ შეკითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი პოზიტიური ცვლილება მოხდა - არჩევნები, ხელისუფლების (მშვიდობიანი გზით) გადაცემა, კოჰაბიტაცია, ასევე დიალოგის დაწყება რუსეთთან. მან ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ავღანეთში. მისი თქმით, მთავარია, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ნატოს ყველა კრიტერიუმი, საჭიროა კარგად ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები. თუ ამ კრიტერიუმების შესრულება ქვეყანამ შეძლო, ნატოს კარი საქართველოსთვის ღია იქნება.
ხვალ სესიის ფარგლებში ასამბლეის კომიტეტების სხდომა ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია. დაგეგმილია თედო ჯაფარიძის გამოსვლა უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტზე.
სესია 20 მაისს დასრულდება.