საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "მთავრობა იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ ძალადობის ფონის მომატება არ დაუშვას".
პრეზიდენტი დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მთავრობას და ოპოზიციას, განსხვავებული ხედვის ადამიანებს დიალოგისკენ მოუწოდა.
"მე უკიდურესად ვარ შეშფოთებული თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობით. ძალადობა, როგორი მოტივითაც არ უნდა იყოს განპირობებული, არ შეიძლება იყოს ქართული საზოგადოების სახე! მე ნამდვილად არ ვეთანხმები იმას, რომ დღევანდელი ძალადობა იყო რიგითი პოლიციელების რაღაც სახის მოქმედებების შედეგი და ეს მათ უნდა დაბრალდეთ. საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მთავრობა იმას, რაც ხდება, უბრალოდ კი არ უნდა ემიჯნებოდეს, მთავრობა იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ არ დაუშვას ძალადობის ფონის მომატება საზოგადოებაში; არ დაუშვას ის, რომ გაურკვეველი ამნისტიებით, როგორც ეს მოხდა, კრიმინალებს უშვებდნენ პოლიტიკური მოტივით ციხიდან და ყოველდღიურ უსაფრთხოებას უუარესებდნენ მოქალაქეებს; არ დაუშვას ის, რომ შევარდნენ გამგეობებში და იქიდან ყრიდნენ ხალხს. ჩვენ წინა წლებში მივაღწიეთ ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. ეს ინსტიტუტები არიან მოწოდებული, რომ უზრუნველყონ მშვიდობა და თუ ჩვენ ამ ინსტიტუტებს დავასუსტებთ ისე, რომ ძალადობა გახდება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რა მოტივაციით არ უნდა იყოს განპირობებული, მაშინ ჩვენი საზოგადოება იქნება განპირობებული სიღარიბისთვის და უპერსპექტივობისთვის. დავფიქრდეთ, ასევე, ამ ყველაფრის გლობალურ ასპექტებზე. საქართველოს აქვს საერთაშორისო გამოწვევები, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენს წინააღმდეგ აგრესორი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს მძლავრ წინააღმდეგობის კამპანიას. მიუხედავად ამ ყველა მცდელობისა, წინა წლებში საქართველო მსოფლიოს თვალში ჩამოყალიბდა სტაბილურ, მშვიდ, პროგრესულ, უსაფრთხო ქვეყნად. ამ ძალადობის სცენების მსოფლიოსთვის ჩვენება მკვეთრად ასუსტებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს, აძლიერებს ჩვენს მტერს და წყალში გვიყრის შრომას, რომელსაც ყველანი ერთად ვეწეოდით, რომ საქართველო გაგვეცნო დადებითი კუთხით დანარჩენი მსოფლიოსთვის. ეს არ შეიძლება, არ აღელვებდეს ყველა ქართველ პატრიოტს, მიუხედავად იმისა, როგორია მათი შეხედულებები. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა დავსხდეთ – მთავრობაც და ოპოზიციაც, სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები და ყველა ერთად მივხვდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო და ყველას გვინდა ის წინ წავიდეს და არა პირიქით, უკან დაიხიოს. ყველამ ერთად უნდა მოვილაპარაკოთ, რომ ყველა ეს საკითხი გადაწყდება კანონის ფარგლებში, ინსტიტუტების მეშვეობით და მხოლოდ დიალოგის გზით. ყველამ ერთად უნდა ვთქვათ უარი ძალადობაზე და ქაოსის ინსპირაციაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.