სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე ერთიანი სასაზღვრო რეჟიმის ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება .
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის კენჭისყრაზე გატანის წინ აცნობა.
"დღეს უმცირესობასა და უმრავლესობას შორის აზრთა შეჯერების შედეგად ირკვევა, რომ ერთი კონკრეტული საკითხის მოგვარების, გადაწყვეტის და მასზე შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლოა ამოწურულად ჩაითვალოს ყველა ის პრობლემა და თემა, რაც კანონპროექტის განხილვის პროცესში დაისვა. კერძოდ, საქმე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ძირითადი ნაწილის და ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის ნაწილის დარღვევისთვის სამართლებრივ რეჟიმს ეხება. გაიმართა კონსულტაციები და არის მზაობა სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნილ თემაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, საკითხი ცალკე კანონპროექტის სახით იქნება ინიცირებული. პარლამენტის თავმჯდომარე "მაღალი ალბათობით" თვლის, რომ ამ თემაზე შეთანხმება შესაძლებელია.
ოკუპირებულ ტერიტორიების სასაზღვრო ზოლის და საზღვრის დანარჩენი მონაკვეთების ერთიან რეჟიმში მოქცევის საკითხზე, მმართველ გუნდთან შეთანხმების იმედი აქვს უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს გოკა გაბაშვილს.
"მოხარული ვარ, რომ საკითხის განხილვის მეოთხე დღის ბოლოს, ერთმანეთს ჩვენი სათქმელი გავაგებინოთ. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ საქართველოს საზღვრები ერთიან რეჟიმში იყოს მოქცეული და მისი სხვადასხვა მონაკვეთის დარღვევა სხვადასხვა წესით არ იხილებოდეს ანუ არსებობდეს ერთიანი საზღვარი, ერთიანი სტატუსი - გამონაკლისების გარეშე. ჩვენ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობას მივიღებთ და ჩვენი მხრიდანაც არის მილოდინი იმისა, რომ შეთანხმებას მივაღწევთ", - განაცხადა გაბაშვილმა.
რაც შეეხება "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, რამდენიმედღიანი განხილვების შემდეგ, პარლამენტმა პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი კენჭისყრაზე 73 ხმით, ერთხმად გავიდა. უმცირესობას კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ლიბერალიზებას გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში კანონის განმეორებით დამრღვევი ან სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება.