საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განცხადებით, "დღეს ადგილი ჰქონდა პროპაგანდას და ეკლესია ამის წინააღმდეგ ყოველთვის გამოვა".
ამის შესახებ ჟვანიამ ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში განაცხადა.
"მისმა უწმინდესობამ გუშინ გაავრცელა სპეციალური განცხადება მოწოდებით და თხოვნით, რომ ამგვარი აღლუმი არ ჩატარებულიყო, ვინაიდან მას შეეძლო დაპირისპირების გამოწვევა. ვფიქრობ, რომ სასურველი იქნებოდა სულიერი მამის ეს მოწოდება გაეთვალისწინებინა საზოგადოების იმ მცირე ჯგუფს და არ ჩაეტარებინა მსგავსი აქცია, რომელიც ვერც კი ჩატარდა საზოგადოების მკაცრი წინააღმდეგობის პირობებში. საპატრიარქო რა არის? როცა მას ვახსენებთ, ვგულისხმობთ ინსტიტუტს, მაგრამ აქ იყო წინააღმდეგობა საზოგადოების მხრიდან, რომლის ნაწილიც არიან სასულიერო პირები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები. როცა საპატრიარქოს ახსენებთ, რაღაც მარგინალურ ინსტიტუტს გულისხმობთ, სასულიერო პირები წინ ჩაუდგნენ საზოგადოებას სწორედ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო რაიმე ისეთი დაპირისპირება, რომელიც ადამიანის კვლასა და წამებაში გადაიზრდებოდა", - განაცხადა ჟვანიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე - "რამდენად გამართლებულია სასულიერო პირების მიერ აქციაზე გაჟღერებული მოწოდებები", - ჟვანიამ აღნიშნა, რომ სადაც საჭიროა, მტკიცე ნების გამოხატულება, იქ ეკლესია მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავს.
"სადაც საჭიროა მტკიცე ნების გამოხატულება, იქ ეკლესია მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავს. ამგვარი აღვირახსნილობის და პროპაგანდის წინააღმდეგ თუ საჭიროა, გამოხატოს ეკლესიამ წინააღმდეგობა, ეკლესია წინააღმდეგობას გამოხატავს. ვერავითარი კანონი ვერ დაუშლის ეკლესიას მსგავს საკითხებზე მოწოდების გაკეთებას. ამით იმის თქმა მინდა, რომ კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა ნებისმიერი მორწმუნე ადამიანისთვის ღვთის სიტყვა და სახარება დგას. კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისუფლად თავისი აზრი. დღეს ადგილი არ ჰქონდა აზრის თავისუფლად გამოყოფას, დღეს ადგილი ჰქონდა პროპაგანდას, ეკლესია ამის წინააღმდეგ ყოველთვის გამოვა", - აღნიშნა ჟვანიამ.