პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის განცხადებით, დღეს გამოჩნდა რამდენიმე ლიდერი, რომელიც აშკარად აპირებს, რომ აგრესიის მხარდაჭერით პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს.
ამის შესახებ ბარნოვმა ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"მე არ მაქვს უფლება დიდი მწუხარებით არ აღვნიშნო უმრავლესობის ლიდერის განცხადება, რომელიც ცალსახად იყო ჰომოფობიური და შეურაცმყოფელი ცალკეული ჯგუფის მიმართ და იყო ძალიან ახლომხედველი პოლიტიკური მიზნებით ანგაჟირებული. ასეთი განცხადებები ხელს არ უწყობს თანაცხოვრების დამკვიდრებას საზოგადოებაში, არამედ აღვივებს სიძულვილს და დაპირისპირებას. ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ გამოჩნდა რამდენიმე ლიდერი, რომელიც აშკარად აპირებს, რომ აგრესიის მხარდაჭერით პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს. ეს არის ძალიან საშიში ჩვენი ქვეყნისთვის. საშინელი პერსპექტივა, რაც შეიძლება, ჩვენსავე თავს ვუწინასწარმეტყველოთ, როგორც შეგნებულმა ადამიანებმა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ეს. კარგი ამბავი ის არის, რომ იარაღი ასეთი პერსპექტივის წინააღმდეგ არის დიალოგი და შემწყნარებლობა, ერთმანეთის აზრის პატივისცემა. მე, ისევე როგორც სრულიად ქართული საზოგადოების უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ნათელი მომავალი", - განაცხადა ბარნოვმა.