ფოთში მარცვლეულის ტერმინალი გაიხსნა, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 500 ათასი ტონა მარცვლეულის გადამუშავება იქნება. საზეიმო გახსნას, დღეს, ეკონომიკის მინისტრი და პარლამენტის უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.
როგორც ტერმინალის მესვეურები განმარტავენ, შუა აზიის ექსპორტიორ ქვეყნებს, საშუალება მიეცემათ, საქართველო გამოიყენონ, როგორც ალტერნატიული მარშრუტი - შავი ზღვის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მარცვლეული ტვირთების გადატანისას.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინალი გაიხსნა. გარდა იმისა, რომ მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს იმპორტ-ექსპორტის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ წარმოებას. ვინაიდან, მარცვლეულის ადგილობრივ მწარმოებლებს უკვე ექნებათ გამზადებული ინფრასტრუქტურა, რათა განახორციელონ ექსპორტი. მარცვლეულის წარმოება, საქართველოსთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი და აქედან გამომდინარე ამ ტერმინალის მშენებლობა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ეკონომიკისთვის",-განაცხადა მინისტრმა.
ახალგახსნილ ტერმინალზე, 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო საქართველოს რკინიგზა, როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, საპროგნოზოდ 8 მილიონით გაზრდის საკუთარ შემოსავლებს, ისევე, როგორც ფოთის პორტი და მასთან დამოკიდებული სხვა კომპანიები.
ხორბლის ტერმინალის მშენებლობაში, ინვესტირება სამმა კომპანიამ - "პეისი", "ეი პი ემ ტერმინალსმა" და "აგრიკომა" განახორციელა.